logo
ENG



საფარი ჭოხონელიძეზე: გამოკითხულია დაზარალებული, მოწმეები, ჩატარებულია ექსპერტიზები

24 აპრ 202618:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/24/57cf7z2x27q3z11.jpg

ორგანიზაცია "საფარი" განცხადებას ავრცელებს ლუკა ჭოხონელიძის მიერ ქალის შესაძლო გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით, მათი ცნობით საკითხზე მუშაობენ. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალის სურვილია არ მოხდეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროება.   

"საფარი ჩაერთო ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში და ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დაზარალებულის ინტერესების სამართლებრივად დასაცავად. ამ ეტაპზე საგამოძიებო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს: გამოკითხულია დაზარალებული, მოწმეები და ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზები.

საფარი მოწოდებულია დაიცვას დაზარალებული ქალის ინტერესები და უფლებები. ამჟამად, ქალის უმთავრესი სურვილი და საჭიროებაა, არ მოხდეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ჩვენი ორგანიზაცია სრულად იზიარებს ამ პოზიციას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებული დავიცვათ განმეორებითი ვიქტიმიზაციისგან.

საზოგადოებასა და მედიას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ საქმის გარშემო სპეკულაციები. მსგავსი ქმედებები უკვე აზიანებს მსხვერპლის მენტალურ ჯანმრთელობას და საფრთხეში აგდებს მის კონფიდენციალობას.

საფარი მოვუწოდებთ ყველას, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, განაგრძონ გამოძიებასთან თანამშრომლობა, პატივი სცენ კანონს და მსხვერპლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ჩვენი საქმიანობა მიმართულია მართლმსაჯულების აღსრულებისკენ მსხვერპლის უფლებების პატივისცემის გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პროევროპული აქციების მონაწილე ალბი კორძაიამ 21 აპრილს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელი ლუკა ჭოხონელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ "ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი".

"ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი, მისი მესმის. მე ამ ისტორიის 100%-ით მჯერა, რადგან, ახლა იქნება ძალიან რთული წასაკითხი.

2023 წელს ჩემმა მეგობრებმა წამიყვანეს ნაბიჯის ოფისში, მაკამ და თორნიკემ. იქ ბავშვები სვამდნენ, მეც დავლიე ერთი-ორი ჭიქა, მაგ პერიოდში ჩემს ბინაში რემონტი მქონდა და ძალიან გადაღლილი ვიყავი, წავედი სხვა ოთახში და პუფში ჩავწექი. გამეღვიძა შეგრძნებისგან, რომ ვიღაც ხელებს მითათუნებდა სხეულზე, თავი რომ მოვატრიალე, დავინახე, რომ ეს იყო ლუკა. მოკლედ, ლუკამ თავი მოიკატუნა, ვითომ ეძინა, რომ აერიდებინა ჩემთან გარჩევები, ალბათ.

გავედი ისევ იმ ოთახში, სადაც სვამდნენ. გავაღვიძე ჩემი მეგობარი თორნიკე და ეგრევე წამოვედით.
იმის მერე მეზიზღება ეგ ბიჭი და პირად შურისძიებაში გადავიდა ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.

ამ პოსტს მოჰყვება ვნებათაღელვა, წინასწარ გეუბნებით, რომ პოსტის წაშლას არ ვაპირებ, წერეთ, რაც გინდათ.

ასევე, მინდა მივმართო ადამიანებს, ვინც აფინანსებს ამ ლუკას და თავის მეგობრების სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. უკაცრავად, ში* ხომ არ გაქვთ?!", - დაწერა ალბი კორძაიამ.

ალბი კორძაიას  პოსტს გამოეხმაურა თავად ლუკა ჭოხონელიძეც და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არავის მისცემს უფლებას, შებღალონ მისი ღირსება. მისი თქმით, საკითხზე სიმართლის დადგენა პირველ რიგში მას სურს.

"ახლახან ვესაუბრე რუსთავი 2-ს, როგორი საოცარი დამთხვევაა, ამ მიმართულებით მეტ კომენტარს არ გავაკეთებ.

ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია და მინდა მკაფიოდ, არის ის, რომ სიმართლის დადგენა (უფრო გასაჯაროვება) პირველ რიგში, ჩემს ინტერესშია. სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა - სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ, ნებისმიერზე.

ამ თემაზე ჭორის დონეზე საუბარი, პირველ რიგში, მათ აზიანებს, ვინც მართლა წაწყდომია და აწყდება ამ ამორალურ საქციელს, სხვა მხვრივ კი, რაც მეტად მანაღვლებს ეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანების აზრია", - დაწერა ლუკა ჭოხონელიძემ. 

 

 


close დახურვა