logo
ENG



აზერბაიჯანული მედია: უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს ბაქოში

25 აპრ 202614:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/25/xr5armorljkho14.png

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით,  აზერბაიჯანში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს ბაქოში, თუ მოსკოვიც მზად იქნება.

"დღეს ხელი მოვაწერეთ ექვს დოკუმენტს. დეტალებს ჩვენი გუნდები მოგვიანებით აუცილებლად გააზიარებენ. დღეს ნომერ პირველი მიმართულება არის უსაფრთხოება და თავდაცვის ინდუსტრიული კომპლექსი. უკრაინამ აჩვენა მდგრადობა აგრესორის წინააღმდეგ ამ ომში და დღეს ჩვენს გამოცდილებას ვაზიარებთ. ჩვენ განვავითარებთ თანამშრომლობას ერთობლივი წარმოების კუთხით. ეს ის მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რომლებიც გაზრდის ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების უსაფრთხოებას, ასევე სავაჭრო ბრუნვას. დღეს მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ ამ მძიმე ზამთრის განმავლობაში პარტნიორები ჩვენ გვერდით იდგნენ. მთელი ამ განსაცდელის პერიოდში აზერბაიჯანმა უკრაინას 11 ენერგეტიკული პაკეტით დაუჭირა მხარი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვიხილეთ სამშვიდობო ძალისხმევა. უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა გამონახოს ძალა ამ უსამართლო ომის დასასრულებლად. ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვაცნობეთ, რომ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა თურქეთში და შემდეგ შვეიცარიაში, ამერიკელი პარტნიორების მონაწილეობით. ბუნებრივია, თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზად იქნება, ჩვენ მზად ვართ მსგავსი მოლაპარაკებები აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში შედგეს", - თქვა ზელენსკიმ.

შეხვედრის დროს ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელი სტუდენტები აზერბაიჯანში ჩავლენ რეაბილიტაციის მიზნით. მისი თქმით, ასეთი პროგრამები მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში გრძელდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკრაინელი ბავშვები და ახალგაზრდები, ომით დაზარალებულები, გადიან ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციას. პროგრამის მიზანია მათი ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის გარდა, განხილულ საკითხებს შორის განსაკუთრებული ადგილი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობამ დაიკავა.

"გვაქვს ერთობლივი პროექტები, ინიციატივები და ინვესტიციები. ყველა ეს საკითხი დღეს დეტალურად იყო განხილული. ვისაუბრეთ სავაჭრო ბრუნვაზეც, რომელიც უნდა გაიზარდოს. გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხითაც. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვითარდება როგორც აზერბაიჯანში, ასევე უკრაინაში და შესანიშნავი შესაძლებლობები გვაქვს სამრეწველო სექტორში ერთობლივი წარმოების თვალსაზრისით",- თქვა ალიევმა.

ცნობისთვის, დღეს, 25 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აზერბაიჯანში  ჩავიდა. ზელენსკისა და ალიევს შორის შეხვედრა ქალაქ გაბალაში გაიმართა.

აზერბაინაში უკრაინის  პრეზიდენტის ჩასვლის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაა. განსახილველ საკითხთა შორის იყო პრიორიტეტული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სექტორებში კოორდინაცია. 

აზერბაიჯანში გამგზავრებამდე ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც მან მაღალი დონის შეხვედრა გამართა პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან. საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა იყო.


close დახურვა