Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკა სუსტდება. ამის შესახებ გამოცემასთან საუბრისას შვედეთის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, თომას ნილსონმა, განაცხადა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის ფასების ზრდის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა აღდგენას ვერ ახერხებს, კრემლი კი ცდილობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესად წარმოაჩინოს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
ნილსონმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად რუსეთს დასჭირდება, რომ ურალის ნედლი ნავთობის ფასი ერთი წლის განმავლობაში ბარელზე $100-ის ზღვარზე მაღლა დარჩეს, ხოლო სხვა ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად ხანგრძლივი პერიოდი იქნება საჭირო.
ნილსონის თქმით, რუსეთის ეკონომიკური პრობლემები თავდაცვის სექტორსაც შეეხო. მან განმარტა, რომ კრემლმა დაფინანსება განსაკუთრებით გაზარდა უპილოტო სისტემებისა და შორი რადიუსის იარაღისკენ, თუმცა, დრონების ინდუსტრიის მიღმა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი დანაკარგებს განიცდის. ნილსონის თქმით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში, რომელიც სახელმწიფო ბანკებისგან მიღებულ სესხებზეა დამოკიდებული, უხვადაა კორუფცია და თანხების მითვისება.
ნილსონის ცნობით, შვედეთი ფლობს სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც მიანიშნებს, რომ რუსეთი სისტემატურად მანიპულირებს მონაცემებით, რათა უკრაინის დასავლელი მოკავშირეები მოატყუოს, რომ თითქოს რუსეთის ეკონომიკამ დასავლური სანქციებისა და ომის მასშტაბური ხარჯების წნეხს გაუძლო.
გამოცემა წერს, რომ მშპ-ს კლებასთან დაკავშირებით პუტინის განცხადების შემდეგ, რუსეთის ცენტრალური ბანკის გუბერნატორმა ელვირა ნაბიულინამ ერთი დღის შემდეგ განაცხადა, რომ "გარე პირობები ახლა თითქმის მუდმივად უარესდება - როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მხრივ".
გამოცემასთნ ნილსონის აცხადებს, რომ რუსეთში რეალური ვითარება ბევრად უფრო უარესია და ცენტრალური ბანკი არასათანადოდ აფასებს ინფლაციას, რაც, მისი აზრით, ინფლაციის მაჩვენებელი საპროცენტო განაკვეთის 15%-იან მაჩვენებელთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ინფლაციის ოფიციალურ 5.86%-იან მაჩვენებელთან.
"მაშინაც კი, თუ რუსეთის ეკონომიკაში არსებული პრობლემები არ შეცვლის რუსეთის ხელმღვანელობის სტრატეგიულ მიზნებს უკრაინის ომში, ან მათ შეხედულობებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ეს გავლენას მოახდენს იმაზე,თუ როგორ შეძლებენ ისინი ამ კრიზისიდან გამოსვლას. ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რამდენად დიდი და რამდენად მოწინავე იქნება მათი სამხედრო შესაძლებობები", - განაცხადა ნილსონმა.
