ბევრი ელოდა მამუკა მდინარაძის უფლებამოსილების შეკვეცას და მის თანდათანობით ნეიტრალიზაციას, მაგრამ ერთ დღეში არა მხოლოდ თანამდებობიდან, არამედ საერთოდ პოლიტიკიდან მისი გაშვება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.
თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ მდინარაძე პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა. გენერლის სამხრეები მოირგო, შემდეგ ვიცე-პრემიერი და ჯერ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მოგვიანებით კი რეგიონული განვითარების მინისტრი გახდა. ეს იყო თავბრუდამხვევი აღმასვლა სახელისუფლებო და ძალოვან იერარქიაში. დღეს კი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში საჯაროდ დებდა პირობას, რომ გუნდისთვის თავს გაწირავდა, ამ გუნდსა და პოლიტიკას საბოლოოდ დაემშვიდობა.
ოფიციალური ვერსია ასეთია: გადაწყვეტილება თავად მიიღო - წუხელ დიდხანს ესაუბრა ირაკლი კობახიძეს, დღეს დილით ბიძინა ივანიშვილს და ორივე დაარწმუნა, რომ მისთვის ასე აჯობებდა. მიზეზად შვილებთან მეტი დროის გატარების სურვილი დაასახელა. თუ გუნდს ძალიან დასჭირდება და სხვა გამოსავალი აღარ ექნება, მხოლოდ მაშინ დაბრუნდება. მანამდე კი, შესაძლოა, საკუთარი ძალები ბიზნესში მოსინჯოს.
თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ძნელი წარმოსადგენია, რამდენიმე კვირის წინ ადამიანი ასეთი ენთუზიაზმით იღებდეს მორიგ მაღალ თანამდებობას, ამბობდეს, რომ რეგიონებში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას აპირებს და ერთ დილას აღმოაჩინოს, რომ ოჯახთან მეტი დროის გატარების სურვილმა ყველა პოლიტიკური ვალდებულება და ამბიცია ერთბაშად გაუქრო.
ამიტომ ეს უფრო ჰგავს არა ნარნარად წასვლას, არამედ ივანიშვილის საფირმო მეთოდს: ქვეშევრდომს ჯერ სწრაფად დააწინაურებ, ძალაუფლების განცდას შეუქმნი, შემდეგ კი ისე გააქრობ, რომ საკუთარი პოლიტიკური სიკვდილის ნებაყოფლობით გამოცხადებაც თავადვე მოუწიოს. ივანიშვილის ვერტიკალში ინდივიდუალობის დაკარგვის საბოლოო ფასი სწორედ ეს არის - შენთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უკანასკნელი იგებ და შემდეგ უსიტყვოდ ასრულებ.
რა მოხდა სინამდვილეში ივანიშვილის უკიდურესად იზოლირებულ გარემოში, დღეს დაზუსტებით ვერავინ იტყვის. ამიტომ მტკიცებების ნაცვლად რამდენიმე შეკითხვა უნდა დავსვათ:
პირველი: მდინარაძის ასე მოცილება ხომ არ არის ირაკლი კობახიძის საყრდენების თანმიმდევრული ჩამოშლის ნაწილი? და თუ ასეა, რამდენი დრო დარჩა თავად კობახიძეს პრემიერის პოსტზე, ვიდრე ისიც ერთ ღამეს „დიდი ფიქრის შემდეგ“ ოჯახისთვის მეტი დროის დათმობას გადაწყვეტს?
მეორე: რა ბედი ელის იმ ადამიანებს, რომლებიც ძალოვან ბლოკში - პროკურატურაში, სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროში - სწორედ მდინარაძის გავლენით მოხვდნენ? მის წასვლას კადრების წმენდა მოჰყვება თუ მათი სწრაფი გადაჯგუფება ახალი მფარველის გარშემო?
მესამე: რა ბედი ელის მდინარაძის სახელთან დაკავშირებულ რეპრესიულ მექანიზმებს, მათ შორის ე.წ. სკრინინგის სამმართველოს, რომლის ამოცანაც საჯარო სივრცეში კრიტიკული აზრის აღმოჩენა და ჩახშობაა? ქრება მხოლოდ შემქმნელი თუ იწყება კობახიძისა და მდინარაძის მიერ შექმნილი უკიდურესად რეპრესიული სისტემის ტრანსფორმირება?
მეოთხე: უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკნიდან გავრცელებულ პირველ წერილს, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ულტიმატუმებს სწორედ მდინარაძის სახელით უგზავნიდნენ? მდინარაძის ჩამოშორება ღარიბაშვილის წინააღმდეგ პროცესს დააჩქარებს, შეანელებს თუ, პირიქით, მისთვის ახალი მოქმედების სივრცეს გახსნის?
და ბოლოს: ხომ არ უნდა ველოდოთ თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფების რევანშს იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" შიდა რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა? იმ წრეებში უკვე არიან ადამიანები, რომელთა საქმეებიც ტრაგედიით დასრულდა; ზოგმა უცხოეთში გაასწრო და ახლა ბიზნესს ვინ ჩივის - საქართველოში დაბრუნებასაც ვეღარ ახერხებს.
რა ელის ახლა რეგალიებისა და დაცვის გარანტიების გარეშე დარჩენილ გენერალ-მაიორს? ფიქრობს თუ არა იმაზე, რომ ივანიშვილის ყოფილი ჩინოვნიკებისა და მის სისტემასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირების კარიერული დასასრულის ალგორითმი მას ციხის პერსპექტივას უფრო უქადის, ვიდრე ოჯახთან ერთად, თანამდებობის გარეშე, მაგრამ მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებას?
ასეთი მოულოდნელი გაქრობები აჩვენებს, რომ ივანიშვილის სახელისუფლებო ვერტიკალში თანამდებობა პასუხისმგებლობას კი არა, პატრონის დროებით ნდობას ნიშნავს. ხოლო ის, რაც ამ სისტემაში ნდობად იწოდება, ნებისმიერ დილას შეიძლება განაჩენად გადაიქცეს.
როდესაც გენერლის სამხრეებიდან და ვიცე-პრემიერობიდან ოჯახთან მეტი დროის გატარებამდე გზა ერთ ღამეში იკვრება, ეს სტაბილურობის ნიშანი არ არის. ეს ქაოსის, უნდობლობისა და არაპროგნოზირებადობის სურათია - რეჟიმისა, რომელმაც სხვების დასაშინებლად შექმნილი რეპრესიული მანქანა უკვე საკუთარი მსახურების წინააღმდეგაც მიმართა.
ამიტომ მთავარი კითხვა აღარ არის, რატომ მოუწია მამუკა მდინარაძეს საკუთარი პოლიტიკური გარდაცვალების გამოცხადება.
მთავარი კითხვაა - ვისი სახელით დაიწერება შემდეგი ასეთი განცხადება.
