logo
ENG



თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

18 მაი 202616:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/oxgpk3qgf97gcxc.jpg

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო კავშირი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ აღდგება. ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო მატარებელი 26 მაისიდან იმოძრავებს. გადაწყვეტილება "ოცნების" პრემიერ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა.

"ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებს შორის გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის საფუძველზეც ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი"ოცნების" ეკონომიკისა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა მოაწერეს.

თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შეწყდა, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრები დაკეტა და სპეციალური საკარანტინო რეჟიმი რამდენჯერმე გაახანგრძლივა. ამ დროის განმავლობაში საქართველოდან აზერბაიჯანში მოხვედრა მხოლოდ ავიამიმოსვლით იყო შესაძლებელი.

მხარეები აცხადებენ, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რეგიონული თანამშრომლობის, ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ყოველდღიური რეისების ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მგზავრებისთვის, რომლებიც თბილისსა და ბაქოს შორის გადაადგილებისთვის უფრო ხელმისაწვდომ და კომფორტულ ალტერნატივას ელოდნენ.


close დახურვა