უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მაკა ბოჭორიშვილთან კომუნიკაციის შესახებ მოახსენა, ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"ანდრიი სიბიჰამ მომაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული კომუნიკაციის შესახებ. ჩვენ მიზნად ვისახავთ ურთიერთობების ნორმალიზებას და ურთიერთპატივისცემასა და პარტნიორობის გაღრმავებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას. ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად მზად ვართ", - დაწერა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, კიშინიოვში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სხდომის ფარგლებში, "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგას ანდრი სიბიჰას შეხვდა 15 მაისს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შესახებ განცხადება გაავცელა, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს.
"შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოზიციებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. მხარეებმა დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა",- ნათქვამი იყო ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, ის რომ საქართველო არ ყოფილა იმ 30-ზე მეტ ქვეყანას შორის, რომლებმაც 15 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.
