თბილისში, საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, დააზიანა შლაგბაუმი, შეანგრია ჭიშკარი და საპატრიარქოს თანამშრომლის ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, ავტომობილიდან ბოთლებს ისროდა და იგინებოდა.
„აქედან პირდაპირ შევარდა, შეანგრია ჭიშკარი, თანამშრომლის მანქანას დაეჯახა. ძალიან ძლიერი დაჯახება იყო. მანქანიდან ბოთლებს ისროდა და იგინებოდა“, - აცხადებს საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ტერიტორია კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
