საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტირებულ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, იმის მიუხედავად რომ აზერბაიჯანმა საზღვარგარეთის პასპორტი მისცა, აეროპორტში ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს. ინფორმაცია აეროპორტიდან თავად სადიგოვმა გაავრცელა.
აფგან სადიგოვი ბაქოდან ევროპაში მცხოვრებ ოჯახთან გამგზავრებას გეგმავდა.
"ქვეყნიდან გასვლა აკრძალული მაქვს. საბაჟოზე მითხრეს, რომ ეს აკრძალვა რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააწესა.
აზერბაიჯანის დატოვების უფლება არ მომცეს. ჩემი მხრიდან არანაირი კანონის დარღვევას არ აქვს ადგილი და ჩემს წინააღმდეგ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს და არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული. შემდეგ ამბობენ, რომ აფგან სადიგოვი ამ მთავრობას აკრიტიკებს - ბანდიტებს, ტირანებს, მკვლელებს, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. რა უნდა ქნა, თუ არ გააკრიტიკებ მთავრობას, რომელიც შედგება ასეთი გაუნათლებელი ჩინოვნიკებისგან, რომლებიც ხალხს ჩაგრავენ და დაუნდობლად სჯიან, რომლებიც მაფიოზები, მანიაკები, თვითნებობები, თაღლითები, სახელმწიფო ბიუჯეტის მძარცველები არიან, რომელთა ხელები თითის წვერებიდან მხრებამდე სისხლით არის დაფარული, რომლებიც შეკვეთილ პოლიტიკურ რეპრესიებსა და მკვლელობებს სჩადიან. აზერბაიჯანის მთავრობა კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს.
თუ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებმა, რომლებიც უგულებელყოფენ საერთაშორისო სამართალსა და ნორმებს, ერთად დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული და უხეში ფორმით და გამომგზავნეს აზერბაიჯანში, მაშინ მათგან ყველანაირ დანაშაულსა და საფრთხეს უნდა ველოდოთ! ძირს დიქტატურა! რეპრესიები უნდა დასრულდეს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს", - დაწერა სადიგოვმა.
ცნობისთვის, 2026 წლის 4 აპრილს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდა 2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადაც ის დიქტატურასა და პოლიციელების არაკეთილსინდისიერ მუშაობაზე საუბრობდა.
2026 წლის 5 აპრილს, კვირას, გამთენიისას, ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება აზერებაიჯანში და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
