"ქართული ოცნების" მთავრობის ინიციატივა, რომელიც დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს, კანონის პროექტის სახით პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ცვლილებები "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შედის.
მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია.
"ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის", – თქვა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმით, საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის და უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.
დიპლომატიის აკადემია საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი იქნება, რომლის სახელმწიფო კონტროლს სამინისტრო განახორციელებს. აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას სამინისტრო უზრუნველყოფს.
როგორც მთავრობა განმარტავს, პირები, რომლებიც აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, დიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნებიან.
"სუვერენული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განხორციელება და განმტკიცება, საკუთარი ქვეყნისა და საერთაშორისო აქტორების ინტერესების სიღრმისეულ ცოდნას, გაცნობიერებას და გამოყენებას საჭიროებს. ამ კონტექსტში, დიპლომატიური სამსახურის როლი და გამართული სისტემის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის საგარეო უწყებამ პროფესიონალი დიპლომატების არაერთი თაობა გამოზარდა. გამოცდილი დიპლომატების კვალდაკვალ, საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული თაობა, რომელიც უფროსი თაობის გვერდით, ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე", - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
დიპლომატიის აკადემიაში სტუდენტთა მიღება დაგეგმილია 2027 სასწავლო წლიდან.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების ფარგლებში, დიპლომატიის აკადემიაში 46 პირი დასაქმდება. წინასწარი გათვლებით, შესაბამისი სახელფასო ფონდი ყოველწლიურად 1 093 350 ლარი იქნება.
ასევე, წინასწარი გათვლებით, დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი - 2 993 675 ლარი იქნება - მათ შორის ავტორიზაციისთვის 48 000 ლარი და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარი, ხოლო 2027, 2028 და 2029 წლებში ყოველწლიურად - 2 851 350 ლარით განისაზღვრება.
პარლამენტი კანონის პროექტის დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს.
