რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უკრაინამ ღამით სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა, - ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს.
სევასტოპოლის დე ფაქტო გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, ქალაქზე შეტევისას გამოყენებული იყო „სტორმ შედოუს“ ტიპის რაკეტებიც. მისი თქმით, ერთ-ერთი რაკეტა სამხრეთის ცენტრალური ბანკის შენობას მოხვდა, რის შედეგადაც სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსიც.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ორი „მაღალსიჩქარიანი სამიზნე“ გაანადგურეს. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები წერენ, რომ აფეთქებების შემდეგ კვამლი სამხედრო აეროდრომ „ბალტიმორის“ მიმდებარედ შენიშნეს.
როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა ორი ქალი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა საავიაციო-სარემონტო ქარხნის ტერიტორიაზეც.
შეტევის ფონზე, კრასნოდარის მხარეში მდებარე ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც კვლავ თავდასხმის ქვეშ მოექცა.
