ფორმულას ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი, რომელმაც გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის კადრები გადაიღო, გამოკითხვაზე დაიბარეს.
გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია მედიაპლატფორმა ქართლის ამბების ჟურნალისტი გიორგი ახალკაციც. ძალადობის ამსახველი კადრები მანაც გადაიღო.
გორში, კომბინატის დასახლებაში, დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფორმულამ გაავრცელა.
ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მოქალაქე, რომელზეც პოლიციელებმა იძალადეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.
