logo
ENG



კირცხალია გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემას "პატარა გადაცდომას" უწოდებს

28 მაი 202600:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/28/1ydrcj8c405ttee.png

ქართული ოცნების წევრი ირაკლი კირცხალია გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემას "პატარა გადაცდომას" უწოდებს.

ეს განცხადება მან სანქცირებული, სამთავრობო და პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში გააკეთა.

"მძიმე კადრებია სანახავად. შეფასება, ალბათ, არ იქნება მარტივი, ერთგვაროვანი იქნება ყველას მხრიდან - არ მგონია, იყოს ადამიანი, ვინც უყურებს პირდაპირ ეთერში დაგდებულ ადამიანს ურტყამს რამდენიმე ადამიანი, არ არის სასიამოვნო სანახავი, გავანებოთ თავი პოლიციელია, ექიმია, ჟურნალისტია, დეპუტატია თუ არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი. რაც ყველაზე მთავარია, გამოძიება დაწყებულია.

როდესაც პოლიციელს ეხება, მე განსაკუთრებით, და ბევრი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ბიჭებს და ამ ინსტიტუციას, ძალიან მაგარ ბიჭებს, გმირებს, ძალიან მაგარ ოჯახის შვილებს და ძალიან მაგარ ოჯახის მამებს, რომლებიც ყოველთვის სახლიდან გადიან... პოლიციელი როდესაც ხარ, არ იცი, სახლიდან გადიხარ და სახლში დაბრუნდები თუ არ დაბრუნდები და ეს ბიჭები, გოგოები ამაზე მიდიან და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და პატივს სცემენ და ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ მათ მუნდირს, მაგრამ არსებობს, ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომელი გადაცდომებიც ნებსით თუ უნებლიედ ასევე ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას და ღირსეულ ადამიანებს აყენებს ჩრდილს.

დამერწმუნეთ, ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნო სანახავია, როდესაც ასეთ რაღაცას უყურებს. ასე რომ, ამ ინსტიტუციისთვისაა დამაზიანებელი, როდესაც პოლიციელისგან ვხედავთ ჩვენ ასეთ საქციელს. არ მინდა დეტალებში შევიდე, გამოძიება დაწყებულია. [...] ასეთი პატარა გადაცდომები ჩვენს პოლიციას ნამდვილად ვერ მიაყენებს იოტისოდენა ჩრდილსაც კი, მინდა "გული გავუხარო" ჩვენს ე.წ. კეთილისმოსურნეებს, რომლებსაც ახლა ერთი აჟიოტაჟი აქვთ ატეხილი, პოლიტიკურ ჭრილში, თორემ ადამიანურად რომ არავის არ ესიამოვნა, ვიცი. ხდება გადაცდომები, ყველგან, მთელ მსოფლიოში ხდება გადაცდომები", - ამბობს ის. 

გორში, კომბინატის დასახლებაში, დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფორმულამ გაავრცელა.

ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მოქალაქე, რომელზეც პოლიციელებმა იძალადეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო. 


close დახურვა