logo
ENG



დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის შვილი: მოვითხოვთ გამჭვირვალობას და რეალურ მტკიცებულებებსა

01 ივნ 202610:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/01/np9axd8fhxv9hnp.png

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძის შვილი, ანა ჩიხლაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ჩიხლაძეს ბრალს სდებენ ისეთ რამეში, რაც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ის მთელი ცხოვრება ემსახურებოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე მოითხოვენ გამჭვირვალობას და რეალურ მტკიცებულებებს. ანა ჩიხლაძე წერს, რომ არავინ უნდა განადგურდეს გასაიდუმლოებული ბრალდებებით.

"დააკავეს მამაჩემი - ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე, ძალიან მძიმე ბრალდებებით და მას ახლა 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჩემთვის, ჩვენი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც მამაჩემს იცნობს ეს ამბავი აბსურდული და წარმოუდგენელია.
ირაკლი არის მართლა ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და თავდადებული ჟურნალისტი, ვისაც ვიცნობ და ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ის მამაჩემია, ამას ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ვხედავდი, თუ რას მიუძღვნა პროფესიული გზა.

ყველაფერი ის, რასაც მამა აკეთებდა დაკავშირებული იყო საქართველოს კეთილდღეობასთან და მშვიდობიანი მომავლის განვითარებასთან. მან მასწავლა საქართველოს სიყვარული, სამართლიანობის პატივისცემა და ის, რომ პატრიოტობა არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არის პასუხისმგებლობა, ღირსება და მსხვერპლის გაღებისთვის მზადყოფნა. ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რომ ჩვენ ოჯახს ხშირად ძალიან ძვირად უჯდება პატრიოტიზმი და საქართველოს სიყვარული.

2008 წლის აგვისტოს ომში ბიძაჩემის, ჟურნალისტი გიგა ჩიხლაძის რუსების მიერ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი ამ ტკივილს ყოველდღიურად ატარებდა, მაგრამ მას წამით არ მიუცია ამ ტკივილისთვის სიძულვილის გაღვივების უფლება. მან აირჩია ბევრად რთული გზა - დიალოგი, პროფესიონალიზმი და მშვიდობისკენ სწრაფვა, რაც ჩემთვის ყოველთვის გამაოგნებელი და შთამაგონებელი იყო.

ის მონაწილეობდა პროექტებში, რომლებიც აერთიანებდა ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მართავდა შეხვედრებს, რომელთა მიზანი ყოველთვის იყო საერთო ენის გამონახვა, სტერეოტიპების დამსხვრევა და საუბარი პროფესიულ საკითხებზე: ჟურნალისტურ ეთიკაზე, მედიაზე, კომუნიკაციაზე და იმაზე, როგორ შეიძლება ომითა და ოკუპაციით გახლეჩილი საზოგადოების წევრებმა ერთმანეთი კვლავ ადამიანებად დაინახონ.

მამაჩემს სჯერა ,რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ სიმართლეზე, ღირსებაზე, დემოკრატიასა და მშვიდობაზე დგას.

დღეს მას ბრალს სდებენ ისეთ რამეში, რაც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდა.

ამ ეტაპზე საქმეს ჯერ კიდევ საიდუმლოობის გრიფი ადევს. ბრალის წარდგენიდან გამოსულმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მსგავსი აბსურდი მას არ უნახავს. საქმეში არსებულ დოკუმენტებში საქართველო ნახსენებიც კი არ არის. ზედმეტია ლაპარაკი ჯაშუშურ საქმიანობასა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლაზე. ერთი რამ ზუსტად ვიცი: მე ვიცნობ მამაჩემს. ვიცი მისი ღირებულებები. ვიცნობ მის საქმიანობას და ვიცი, რომ მას ყოველთვის საქართველოს სიყვარული ამოძრავებდა.

ეს მხოლოდ მამაჩემის საქმე არ არის. ეს რეალურად ყველას გვეხება. ახლა საკითხი დგას იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. თუ დღეს არ ვიბრძოლებთ სიმართლისთვის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობისთვის, მაშინ ასე სათითაოდ დაგვჩაგვრავენ ყველას. ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, და უმოქმედობა მხოლოდ ამარტივებს ტოტალური უსამართლობისა და განუკითხაობის დაკანონებას.

დღეს ეს მამაჩემია - ჟურნალისტი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს კეთილდღეობას, მშვიდობასა და მომავალს მიუძღვნა. ხვალ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანი. ჩვენ პატივს ვცემთ სამართლებრივ პროცესს, მაგრამ მოვითხოვთ გამჭვირვალობას, რეალურ მტკიცებულებებსა და სამართლიან დაცვას. არავინ უნდა განადგურდეს გასაიდუმლოებული ბრალდებებით, ზეწოლით ან შეთითხნილი ნარატივით.

მამაჩემმა მასწავლა საქართველოს სიყვარული. მან მასწავლა, რომ პატრიოტიზმი არ არის სიძულვილი, შიში ან დუმილი. პატრიოტიზმი არის ღირსება, სიმართლე, გამბედაობა და პასუხისმგებლობა. და ახლა, როცა მას 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ჩვენ ვერ და არ გავჩუმდებით. ჩვენი ოჯახი ძალიან რთული სამართლებრივი ბრძოლისთვის ემზადება, რისთვისაც დაგვჭირდება მხარდაჭერა.

მივმართავ ყველას, ვინც იცნობს მას, ვინც იცის მისი საქმიანობა, ვისაც სჯერა სამართლიანობის, ან ვისაც უბრალოდ სჯერა, რომ ადამიანი რეალური მტკიცებულებების გარეშე არ უნდა გაანადგურონ", - წერს ანა ჩიხლაძე.

ცნობისთვის, 30 მაისს, სუს-მა განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, გამოცემა "ნიუ კავკასის" დამფუძნებელი და 2008 წლის აგვისტოს ომში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმა, ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძეა. 

სუს-ის ინფომრაციით, დაკავებულს ბრალად ედება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.

ირაკლი ჩიხლაძე არის ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებული და დირექტორი. გავრცელებული ინფორმაციით, ის არის მედია გამოცემა "ნიუ კავკასის" დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელიც.


close დახურვა