ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ჩიხლაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
ჩიხლაძეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, 30 მაისს, სუს-მა განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, გამოცემა "ნიუ კავკასის" დამფუძნებელი და 2008 წლის აგვისტოს ომში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმა, ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძეა.
სუს-ის ინფომრაციით, დაკავებულს ბრალად ედება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.
ირაკლი ჩიხლაძე არის ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებული და დირექტორი. გავრცელებული ინფორმაციით, ის არის მედია გამოცემა "ნიუ კავკასის" დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელიც.
