logo
ENG



PHR 1 ივნისზე: საქართველოში ბავშვებისთვის ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლაა

01 ივნ 202611:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/01/954bg1me4togqkv.png

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR" განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით კვლავ არაერთი მწვავე გამოწვევა არსებობს.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, სიღარიბეზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დარღვევასა და არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრებაზე.

PHR-ის შეფასებით, ვიდრე საქართველოში ბავშვებისთვის ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლაა, 1 ივნისი საზეიმო დღედ ვერ ჩაითვლება.

"1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველო კიდევ უფრო მეტი გამოწვევისა და შეუსრულებელი ვალდებულების ფონზე ხვდება

ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მკაფიო სამართლებრივი ვალდებულებაა. ეს ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, საქართველოს ბავშვთა უფლებათა კოდექსიდან, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციიდან და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებიდან. აღნიშნული სტანდარტები სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განვითარების, განათლების, უსაფრთხოების, სოციალური დაცვისა და ღირსების დაცვა.

მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

დღემდე ერთერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ხშირად უხილავები რჩებიან იმ ინსტიტუციებისთვის, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაც მათი დაცვაა. ამის ნათელი მაგალითია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, რომლის მდგომარეობაც სახელმწიფო უწყებებისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც მან სახლიდან გაქცევა და დამოუკიდებლად დახმარების მოთხოვნა შეძლო.

სერიოზულ გამოწვევად რჩება გაზრდილი ბავშვთა სიღარიბე. ათასობით ბავშვი საქართველოში კვლავ ცხოვრობს ისეთ პირობებში, რომლებიც ზღუდავს მათ წვდომას განათლებაზე, ჯანდაცვაზე, კულტურულ და სოციალურ უფლებებზე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან რეგიონებში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომელთაც ხშირად დამატებითი ბარიერების გადალახვა უწევთ იმ უფლებებით სარგებლობისთვის, რომლებიც ყველა ბავშვისთვის თანაბრად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული დაცვის ნაცვლად, საპროტესტო აქციების დროს ბავშვები დაექვემდებარნენ ძალადობასა და დაკავებას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვების უსაფრთხოება და პატივი სცეს მათ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას.

შემაშფოთებელია არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრება. 10–14 წლის ასაკის ბავშვებისთვის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის“ შექმნა, სადაც ბავშვები შეიძლება მოთავსდნენ დახურული ტიპის დაწესებულებაში პროკურორის დასაბუთებული ვარაუდის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

თავისუფლების შეზღუდვა ეხება იმ ასაკის ბავშვებს, რომლებიც კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს არ არიან მიღწეულნი. ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის ბავშვთა უფლებების კონვენციის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტს, თავისუფლების შეზღუდვის მხოლოდ უკიდურესი ღონისძიების სახით გამოყენებასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებულ მიდგომებს. მსგავსი დახურული ინსტიტუციების შექმნა, ასევე, ეწინააღმდეგება დეინსტიტუციონალიზაციის საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა მიზანია ბავშვების ინსტიტუციურ გარემოში მოთავსების აღმოფხვრა და მათი მხარდაჭერა ოჯახსა და საზოგადოებაზე დაფუძნებული სერვისების მეშვეობით.

არანაკლებ შემაშფოთებელია არასრულწლოვნებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება საპროტესტო აქციაზე გზის განმეორებით გადაკეტვის გამო.

უკვე თვეებია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახები სახელმწიფოსგან ითხოვენ ჯანმრთელობის უფლების დაცვასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას. საჯარო უწყებების წინ მისულ ბავშვებს პასუხიმგებელი პირების ნაცვლად ხვდებიან პოლიციის თანამშრომლები. გაუარესებული ამინდის მიუხედავად, ბავშვებს არ მისცეს შესაძლებლობა აქციაზე დაედგათ კარვები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს შეუჩერდა სოციალური შემწეობის მიღება იმ პერიოდში, როდესაც მისი დედის საბანკო ანგარიშები დაყადაღებული იყო. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბავშვი ფაქტობრივად დატოვა არსებობისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების გარეშე.

სოციალური შემწეობა წარმოადგენს არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას, არამედ ბავშვის სოციალური დაცვის, ღირსეული ცხოვრების დონისა და განვითარების უფლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან მექანიზმს. შესაბამისად, მისი შეწყვეტა, ქმნის მაღალ რისკს, რომ ბავშვი დარჩეს საკვების, მედიკამენტების, მოვლის, განათლებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე.

ჩამოთვლილი პრობლემები მხოლოდ ნაწილია იმ ფართო გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დღეს საქართველოს ბავშვები დგანან. მათ შორისაა ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებებზე არასაკმარისი მისაწვდომობა, ონლაინ ძალადობის მზარდი მაჩვენებელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული სერვისების დეფიციტი, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც სახელმწიფოსგან თანმიმდევრულ, კომპლექსურ და ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას მოითხოვს.

1 ივნისი არის შეხსენება იმ ვალდებულებების, რასაც სახელმწიფო მთელი წლის განმავლობაში უნდა ასრულებდეს. ვიდრე საქართველოში ბავშვებისთვის ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლაა, ეს დღეც ვერაფრით იქნება საზეიმო", - ნათქვამია განცხადებაში. 

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. 1989 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ "ბავშვის უფლებათა კონვენცია" მიიღო. კონვენცია ვრცელდება 18 წლამდე ყველა ადამიანზე, მიუხედავად გენდერისა, წარმომავლობისა, რელიგიისა, შეზღუდული შესაძლებლობისა. საქართველო 1994 წელს შეუერთდა ბავშვის უფლებათა კონვენციას და აიღო ვალდებულება, დაიცვას და უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.


close დახურვა