სომხეთისპრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ვიდრე სომხეთი ოფიციალურად არ მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანების თაობაზე ან არ იქნება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ძალიან ახლოს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია, რადგან, არსებითად, ამის საფუძველი არ არსებობს.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ დღეს ეს არჩევანი თეორიულია და თეორიული არჩევანის რეფერენდუმზე გატანა არაგონივრული და დაუსაბუთებელია. მისი თქმით, სომხეთი გააგრძელებს მშვიდად მუშაობას ევრზაიის ეკონომიკურ კავშირში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს გამოუყენებელი პოტენციალი.
ნიკოლ ფაშინიანმა დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მოდელი დეტალურად განიხილა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი, მხოლოდ სხვა ქვეყნებთან ურთიერთქმედებაში არსებობს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები ტრანსფორმაციას განიცდიან.
"ეს ეტაპი პოზიტიურია, რადგან ამ ახალ ვითარებაში სომხეთი რუსეთთან ახალ ურთიერთობებს აყალიბებს და დარწმუნებულია წარმატებაში", - თქვა ფაშინიანმა.
მანამდე, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა ფაშინიანს დაბადებისდღის მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას.
ცნობისთვის, სომხეთის ევროკავშირთან დაახლოების მცდელობების საპასუხოდ, რუსეთმა სომხეთიდან პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება დაიწყო. ამის შესახებ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის "კრიზისი" სწორედ იმ მიზეზებით დაიწყო, რაც ახლა სომხეთში ხდება. ასევე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სომხეთს მოუწოდეს, ჩაატაროს რეფერენდუმი - შეინარჩუნოს თუ არა წევრობა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, თუ აირჩიოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზა. პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის შეწყვეტას გამოიწვევს.
პუტინის შეფასებით, მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში სომხეთი დაკარგავს როგორც ენერგომატარებლებზე შეღავათიან ფასებს, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებულ უპირატესობებს. გარდა ამისა, სომხეთის მოქალაქეებს რუსეთში დასაქმებისთვის სამუშაო პატენტების აღება მოუწევთ.
ასევე სომხეთისა და ევროკავშირის დაახლოების ფონზე, სომხეთში რუსეთის ელჩი, კონსულტაციებისთვის მოსკოვში გამოიძახეს.
