ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გიორგი უძილაური, საკუთარ დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ბრალდებულის პოზიცია საზოგადოებას მისმა უფლებადამცველმა, ბექა გულედანმა გააცნო. წერილობით განცხადებას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. ადვოკატის მიერ გავრცელებულ მიმართვაში უძილაური ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის საწყისი იდეალები დღეს სრულად განადგურებულია და დეტალურად საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც ის „ქართული ოცნების“ რიგების თანამებრძოლობიდან მის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აქცია.
წერილში ვკითხულობთ, რომ უძილაური, რომელიც 1994 წლიდან ჟურნალისტია, 2011 წლის ოქტომბრიდან ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ჩამოყალიბებული იმ პირველი 20-კაციანი გუნდის წევრი იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა. ბრალდებული აღნიშნავს, რომ წინა მმართველობას დღესაც ანტიდემოკრატიულად მიიჩნევს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ თავდაპირველი „ქართული ოცნება“ აღარ არსებობს, ძველი იდეალები კი მედროვეთა ინტერესებმა და ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელმა წყურვილმა ჩაანაცვლა. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოვიდნენ პირები, რომელთაც რეჟიმთან ბრძოლის გამოცდილება საერთოდ არ გააჩნიათ და დღეს თანამებრძოლებს წარბშეუხრელად სწირავენ.
ბრალდებული ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მმართველ გუნდში მტრად აცხადებენ დასავლეთს, რომელიც 2011-2012 წლებში ივანიშვილის მოძრაობას უსაფრთხოების, კონსულტაციებისა და ვაშინგტონთან თუ ბრიუსელთან კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარებოდა. უძილაური არ მალავს, რომ თავადაც აქტიური კავშირი ჰქონდა ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებთან, რაც დღევანდელი ანტიდასავლური პროპაგანდის პირობებში, სადაც განსხვავებული აზრი ჯაშუშობად საღდება, მის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.
მიუხედავად იმისა, რომ, უძილაურის მტკიცებით, ის ინფორმირებული იყო საგამოძიებო სამსახურში მისი ტელეფონების მოსმენისა და ინტერნეტ ტრაფიკის კონტროლის შესახებ, იგი საკუთარ პოზიციას არ მალავდა, ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლების ანტიევროპულ ნარატივებს და გმობდა პროევროპელი სტუდენტების აქციების დარბევას. იგი თავადაც ორჯერ დაესწრო რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო გამოსვლებს. ბრალდებული იხსენებს, რომ არ ემორჩილებოდა პარტიულ დისციპლინას, უარი თქვა კონკრეტული პირების, მათ შორის ეკა ბესელიას წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში მონაწილეობაზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცდილობდა მედიახიდების გაბმას უკრაინულ მხარესთან, რაც საბოლოოდ პოლიტიკურ თავნებობად ჩაეთვალა.
წერილში უძილაური საკუთარ თავს კონსერვატორად და ქრისტიან-დემოკრატიული იდეების მიმდევრად ახასიათებს, რომელსაც საქართველოს ტრადიციების დაცვა ევროპულ ოჯახში წარმოუდგენია. იგი მკაცრად აკრიტიკებს ხელისუფლების იზოლაციონისტურ ნაბიჯებს და ყველაფრის ომის შიშით გამართლებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ნამდველი მშვიდობის გარანტი სწორედ ევროპაა და არა რუსეთის წინაშე კაპიტულანტური პოზიცია. მისი შეფასებით, ეს დაკავება არის მკაფიო სიგნალი ყველა იმ საჯარო მოხელისთვის, ვინც პროპაგანდისგან განსხვავებულად ფიქრობს, რადგან ავტორიტარული სისტემა განსხვავებულ აზრს სახელმწიფო სტრუქტურებში საფრთხედ აღიქვამს.
გიორგი უძილაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 5 მაისს დააკავა. პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
