logo
ENG



უკრაინა აცხადებს, რომ კრონშტადტის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე რუსული კორვეტი „ბოიკი“ დააზიანა

03 ივნ 202614:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/03/skyxbh63fr1a3x7.png

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა (SBS) და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადეს, რომ ლენინგრადის ოლქში, კრონშტადტის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად რუსული კორვეტი „ბოიკი“ დააზიანეს.

უკრაინული მხარის ცნობით, დრონებმა სამხედრო ხომალდების სადგომზე მიიტანეს იერიში. SBS-ის მეთაურის განცხადებით, უპილოტო აპარატებმა სარაკეტო შეიარაღების მატარებელი კორვეტი აღმოაჩინეს და დაარტყეს. მისი თქმით, შეტევა ადგილობრივი დროით დილის 06:35 საათზე განხორციელდა.

„ბოიკი“ პროექტ 20380-ის კორვეტია და რუსეთის ბალტიის ფლოტის შემადგენლობაში შედის. ხომალდი 2011 წელს ჩაუშვეს წყალში, ხოლო 2013 წლიდან ექსპლუატაციაშია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ის მონაწილეობდა რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ნავთობფლოტის“ დაცვასა და თანხლებაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ზუსტდება დარტყმის შედეგები და რუსული მხარისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 3 ივნისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმები მიიტანეს კრონშტადტის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, რომელიც რუსეთის ბალტიის ფლოტის ერთ-ერთ მთავარ საყრდენ პუნქტად მიიჩნევა, ასევე ტამბოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწარმოზე. უკრაინის გენშტაბმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინასწარი მონაცემებით, კრონშტადტის პორტში ხომალდები და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ დაუდასტურებია კორვეტ „ბოიკის“ დაზიანების შესახებ ინფორმაცია.


close დახურვა