logo
ENG



სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

07 ივნ 202610:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/07/2q09o5bnq8hn1sh.jpeg

სომხეთის მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალა დღევანდელ კენჭისყრას ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს.

მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე შეეძლებათ. სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის მიცემა არ ტარდება.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემებს ყოველ სამ საათში ერთხელ გამოაქვეყნებს. პირველი ინფორმაცია შუადღიდან გავრცელდება და ასახავს იმ მოქალაქეთა რაოდენობას, რომლებმაც ხმა 11:00 საათამდე მისცეს.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, 23:00 საათიდან დაიწყება. 

წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალი პარლამენტის სავარაუდო პოლიტიკური შემადგენლობა ღამის 02:00–03:00 საათისთვის გამოიკვეთება, როდესაც შედეგები მსხვილი ქალაქებიდან, მათ შორის დედაქალაქ ერევნიდან, გახდება ცნობილკ. ერევანში ქვეყნის ამომრჩეველთა დაახლოებით მესამედი ცხოვრობს.

ხმების ელექტრონული დათვლის პროცესი 8 ივნისის დილის 08:00 საათისთვის უნდა დასრულდეს.

სომხეთის პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები მხოლოდ პარტიულ სიებს აძლევენ ხმას. ეროვნული ასამბლეის მე-9 მოწვევის შემადგენლობაში მოსახვედრად 18 პოლიტიკური სუბიექტი იბრძვის — 16 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს მინიმუმ 4%-იანი, ხოლო ბლოკებს 8%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების დათვლისას ბათილი ან განზრახ გაფუჭებული ბიულეტენები არ ითვლება. პროცენტული მაჩვენებლები მხოლოდ იმ მოქმედი ბიულეტენების საფუძველზე გამოითვლება, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას მიეცა.

 


close დახურვა