logo
ENG



სომხეთში გაგიკ წარუკიანის სახლიდან ლომები, ვეფხვი და 190 ფიტული ცხოველი ამოიღეს

08 ივლ 202612:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/08/9ux01oa3nx084f1.png

სომხეთში სამართალდამცველებმა პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის, წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს. 6 ივლისს ჩხრეკები 70-ზე მეტ მისამართზე, მათ შორის პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლში და მის ბიზნესჯგუფ „მულტი ჯგუფთან“ დაკავშირებულ კომპანიებში გაიმართა.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა წარუკიანის სახლიდან სამი ლომი, ერთი ვეფხვი და 190 ფიტული ცხოველი და ფრინველი ამოიღეს. ცხოველები დამამშვიდებელი საშუალებების გამოყენებით ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი ლომი, ხანდაზმული ძუ, გადაყვანის შემდეგ მოკვდა. ზოოპარკის ინფორმაციით, ექსპერტიზამ ცხოველს შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანებები და ასაკთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები დაუდგინა. მომხდარის გარემოებებს საგამოძიებო კომიტეტი იკვლევს.

პარალელურად, წარუკიანი და კიდევ ორი პირი დააკავეს. სომხეთის სასამართლომ 7 ივლისს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, საქმე ეხება 2022-2024 წლებში მოქმედ სქემას, რომლის ფარგლებშიც, გამოძიების ვერსიით, ირან-სომხეთის სატვირთო გადაზიდვების პროექტის გამოყენებით ორგანიზებულმა ჯგუფმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფული თაღლითურად გაათეთრა. უწყების ინფორმაციით, მითვისებული ქონების ღირებულება დაახლოებით 21 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

გაგიკ წარუკიანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი ადვოკატის თქმით, წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა და ცარუკიანი ამ საქმეში დაზარალებულად უნდა ყოფილიყო ცნობილი, და არა ბრალდებულად.

 


close დახურვა