logo
ENG



Axios: აშშ-ირანი თავდასხმების შეჩერებასა და კატარში ტექნიკურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ

29 ივნ 202614:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/29/tslupgw06avlcsx.png

Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ირანი ერთმანეთზე თავდასხმების შეჩერებასა და კატარში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ტექნიკური შეხვედრა სამშაბათს, კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება .

შეხვედრის გადაწყვეტილება მხარეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ჰორმუზის სრუტის გარშემო ვითარება უკიდურესად დაიძაბა და 17 ივნისს გაფორმებული წინასწარი სამშვიდობო მემორანდუმი სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ბოლო დღეებში შექმნილი კრიზისის მთავარი მიზეზი სამშვიდობო მემორანდუმის პირობების განსხვავებული ინტერპრეტაცია გახდა. დოკუმენტის მიხედვით, ირანს უნდა აეოღო პასუხისმგებლობა კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილებაზე სრუტეში, ხოლო აშშ-ს უნდა მოეხსნა ირანის პორტების ბლოკადა.

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც შვეიცარიაში გამართული წინასწარი მოლაპარაკებებისას მიღწეული შეთანხმება დროულად ვერ ამოქმედდა. მხარეებს უნდა შეექმნათ პირდაპირი ცხელი ხაზი აშშ-ის სამხედრო ძალებსა და ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს" (IRGC) შორის ნავიგაციის კოორდინაციისთვის. ვინაიდან ცხელი ხაზი შაბათისთვის ჯერ კიდევ არ მუშაობდა, ირანმა სრუტეში კონტროლის დამოუკიდებლად დაწესება სცადა, რასაც სამხედრო შეტაკებები მოჰყვა. ირანმა დრონებითა და რაკეტებით შეუტია აშშ-ის ბაზებს ქუვეითსა და ბაჰრეინში, რაზეც ვაშინგტონმა ირანულ სამხედრო ობიექტებზე საპასუხო იერიშით უპასუხა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მკაცრი გაფრთხილება გამოაქვეყნა. მან განაცხადა, რომ თუ ირანი შეთანხმებას არ შეასრულებს, აშშ სამხედრო გზით "დაასრულებს დაწყებულ საქმეს", რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის არსებობას შეუქმნის საფრთხეს.

ირანის შიგნით რადიკალური დაჯგუფებები და "ექსპერტთა ასამბლეის" წევრები ქვეყნის მომლაპარაკებლებს მოუწოდებენ, არ გადაკვეთონ უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის "წითელი ხაზები" და ბირთვული პროგრამა ამ მოლაპარაკებების მიღმა დატოვონ.

მედიის ცნობით, მიმდინარე კვირაში გეგმიური შეხვედრა სინამდვილეში შვეიცარიაში უნდა გამართულიყო და გრძელვადიან ბირთვულ საკითხებს შეხებოდა. თუმცა, ბოლო დღეების მწვავე სამხედრო ესკალაციის გამო, შეხვედრის ლოკაციამაც და დღის წესრიგმაც კატარში გადაინაცვლა.

დოჰას სამიტის უმთავრესი და ერთადერთი მიზანი ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჰორმუზის სრუტეში კომერციული ნავიგაციის სასწრაფო სტაბილიზაციაა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური ენერგობაზრებისთვის.


close დახურვა