რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე, 30 ივნისს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათიდან, უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანიანი, „როსავიაცია“ და Telegram-არხი Exilenova+ ავრცელებენ.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანიანმა, ორ საათში 11 განცხადება გამოაქვეყნა ჩამოგდებული დრონების შესახებ. მისი მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკვე „ნახევარი ასეული“ (დაახლოებით 50) უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
„ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ“, - იმეორებდა ჩინოვნიკი თითოეულ შეტყობინებაში.
რუსეთის ხელისუფლება ამჯერადაც დუმს იმის შესახებ, თუ ზუსტად რამდენმა დრონმა მიაღწია მიზანს და რისი ჩამოგდება ვერ მოხერხდა.
შეტევის გამო, დილის 07:00 საათიდან „როსავიაციამ“ მოსკოვის ორ მსხვილ აეროპორტში - „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკიში“ - თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.
ამავდროულად, Telegram-არხი Exilenova+ აქვეყნებს ვიდეოკადრებს, სადაც მოსკოვის თავზე დრონების გადაფრენაა დაფიქსირებული.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა მოსკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტებში - ეგორიევსკსა და დუბნაში.
ქალაქი დუბნა რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცენტრია. აქ მდებარეობს ქარხანა „კრონშტადტი“ (Кронштадт): რომელიც აწარმოებს უპილოტო საფრენ აპარატებს. ასევე, ბერეზნიაკის სახელობის ქარხანა „რადუგა“ (Радуга): რომელიც შედის „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღების“ კორპორაციაში. აღნიშნულ ქარხანაში იწარმოება სხვადასხვა კლასის ფრთოსანი რაკეტები, მათ შორის $X-101/555$, $X-69$ და $X-59MK$, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინის მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების დასაბომბად იყენებს.
