სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავიდა. მას ერევნის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.
ერევანში ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს გამართავს.
მანამდე, აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე მან თქვა, რომ აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირისთვის სანდო ენერგეტიკული პარტნიორია.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ამასთან, თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს.
"სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, რომელიც ევროპას კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
