რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გასულ ღამეს განხორციელებულ მორიგ მასშტაბურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს მსხვერპლი, ნგრევა და ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
"ოთხი დაღუპული სუმის ოლქში. მტერმა დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატით (БПЛА) იერიში მიიტანა საცხოვრებელ სახლზე რომნის თემში. დაიღუპა ორი ქალი, ხანდაზმული მამაკაცი და პატარა ბავშვი – გოგონა, რომელიც ჯერ ორი წლისაც არ იყო; რუსულმა დარტყმამ მისი სიცოცხლე დედასთან ერთად იმსხვერპლა", - ინფორმაცია ვრცელდება ტელეგრამ არხებში.
პარალელურად, საჰაერო თავდასხმების სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებიც. კრივოი-როგის, სინელნიკოვოსა და კამენსკის რაიონებში დრონებითა და რაკეტებით დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საოკუპაციო ძალების დარტყმებმა მნიშვნელოვნად დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძო საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საწარმოები და სასწავლო დაწესებულებები.
