მონაკოში სანქცირებული ბიზნესმენის, ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი უკრაინაში იპოვეს. „უკრაინსკაია პრავდას“ (УП) წყაროების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ქალის ცხედარი კიევის მახლობლად, მიწაში დამარხული, 6 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე აღმოაჩინეს. გამოცემის ცნობით, ბერეზოვსკაია უკრაინის ფარგლებს გარეთ 2025 წლის 22 მარტიდან 2026 წლის 1 ივლისამდე იმყოფებოდა.
ინტერპოლმა 39 წლის უკრაინელ ანასტასია ბერეზოვსკაიაზე საერთაშორისო ძებნა 3 ივლისს გამოაცხადა. მონაკოს სამართალდამცავების განცხადებით, ის ეჭვმიტანილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებაში, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდნენ ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი ახლობლები. გამომძიებლებმა ქალის იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე შეძლეს.
მონაკოს ოფიციალური უწყებების განცხადებით, ტერაქტის ვერსია გამორიცხულია. სამთავროს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და საზოგადოებრივ ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების ფაქტზე დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მონაკოს პოლიცია ერმოლაევზე თავდასხმის საქმეში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) შესაძლო მონაწილეობის ვერსიასაც განიხილავს.
ვადიმ ერმოლაევი დნიპროელი ბიზნესმენია, რომელიც სავაჭრო-სამრეწველო კორპორაცია „ალეფის“ დამფუძნებელი და ქალაქის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერია. იგი რეგულარულად შედიოდა უკრაინის 100 უმდიდრეს ადამიანთა სიაში Forbes-ის ვერსიით.
2019 წელს მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და კვიპროსის პასპორტი აიღო. ერმოლაევი ასევე იყო „УП“-ის გახმაურებული საგამოძიებო პროექტის, „ბატალიონი მონაკოს“ ერთ-ერთი ფიგურანტი. ეს პროექტი ეხება უკრაინელ ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საცხოვრებლად ფრანგულ ლაჟვარდოვან სანაპიროზე გადავიდნენ.
