logo
ENG



რუსეთის ვიცე-პრემიერი: უნდა ვაღიაროთ, რომ საწვავის ბაზარზე პრობლემებია, არსებობს დეფიციტი

10 ივლ 202618:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/10/qo0s5hgfvnqfoff.png

რუსეთის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრ ნოვაკი აღიარებს, რომ რუსეთში, საწვავის მხრივ პრობლემებია. ამის შესახებ ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ბაზარი საწვავის დეფიციტს განიცდის, რადგან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უკრაინული დრონების თავდასხმების გამო რემონტი უწევთ.

"უნდა ვაღიაროთ, რომ [საწვავის ბაზარზე] პრობლემებია და არსებობს დეფიციტი, რის გამოც რიგებს ვხედავთ. ზოგჯერ კი ავტოგასამართი სადგურები არასტაბილურად მუშაობენ. დეფიციტი გასაგები მიზეზებით წარმოიშვა - ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნაწილობრივ მწყობრიდან გამოდის და სარემონტო სამუშაოებზე გადადის მათზე უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების გამო", - თქვა ვიცეპრემიერმა. 

მანამდე ნოვაკმა ТАСС-ს განუცხადა, რომ რუსეთში შიდა ბაზრის უზრუნველსაყოფად საწვავის საკმარისი მარაგებია შექმნილი, თუმცა დიდმა მოთხოვნამ საწვავის მოხმარება დაახლოებით 20–30%-ით გაზარდა. მისი თქმით, ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით ლოგისტიკური სისტემის გადაწყობას გარკვეული დრო დასჭირდება.

Reuters წერს, რომ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებსა და საწყობებზე უკრაინის დრონებით თავდასხმების შედეგად გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე, მოსკოვმა საწვავის შესყიდვაზე შეზღუდვები დააწესა, რამაც საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, 16-დან 22 ივნისამდე რუსეთში ბენზინი 3%-ით, ხოლო დიზელის საწვავი 2.7%-ით გაძვირდა.

წყაროების განცხადებით, რუსი ფერმერები შიშობენ, რომ, შესაძლოა, წელს მოსავლის აღება ვერ შეძლონ.

 

 


close დახურვა