უკრაინის სამხედროებმა 18 ივლისის ღამეს მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური შეტევა მიიტანეს. ოფიციალური ცნობით, რეგიონზე დარტყმა 50-ზე მეტი დრონით განხორციელდა – ხანძარია ნოგინსკის ნავთობბაზაზე, ქალაქ ელექტროსტალში კი Wildberries-ის უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრი იწვის.
თავდასხმები იყო ტამბოვისა და ვლადიმირის ოლქებშიც, სადაც მსხვერპლია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 7 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. ნგრევის მიზეზი რიგ შემთხვევბში რუსული საჰაერო თავდაცვის მუშაობაც გახდა, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ეცემა ოკუპანტების მიერ გასროლილი ჭურვები სამოქალაქო ობიექტებს.
უკრაინულ მხარეს იერიშებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ უკრაინამ მოსკოვის ოლქის მიმართულებით 370-ზე მეტი დრონი გაუშვა, რომელთაგან, მისი თქმით, დედაქალაქთან მიახლოებისას 64 ჩამოაგდეს.
რუსეთის დედაქალაქის რეგიონში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ბოლო შეტევა ზუსტად ერთი თვის შემდეგ მოხდა, რაც უკრაინულმა ძალებმა 18 ივნისს მოსკოვზე ყველაზე მასშტაბური დრონებით იერიში მიიტანეს და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.
ბოლო თვეებში უკრაინამ გააძლიერა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო, სამრეწველო და ენერგეტიკულ ობიექტებზე შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების კამპანია. კიევი ნავთობის ინფრასტრუქტურის ობიექტებს კანონიერ სამხედრო სამიზნეებად მიიჩნევს, რადგან უკრაინული მხარის შეფასებით, სწორედ ეს ენერგეტიკული ობიექტები ამარაგებს საწვავით და აფინანსებს კრემლის სამხედრო ძალისხმევას.
უკრაინული დრონების იერიშების შედეგად დაზიანდა ნავთობბაზები, შეფერხდა მსხვილი საწარმოების წარმოება, ხოლო ზოგიერთ ობიექტზე საქმიანობა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.
Reuters-მა 24 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში უკრაინული დრონებით განხორციელებული შეტევების შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანების გამო, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მუშაობას ვეღარ განაახლებს.
ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინის შეტევებმა კრემლზე ზეწოლა გააძლიერა, რადგან გაამწვავა რუსეთში საწვავის მიწოდების შიდა კრიზისი, რამაც უკვე გამოიწვია საწვავის ექსპორტის აკრძალვები, ფასების ზრდა და გაყიდვების შეზღუდვები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ამასთან, რუსეთის სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებლები კვლავ აცხადებენ, რომ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მისაღებად საათობით უწევთ ლოდინი.
