რუსეთის უმსხვილესი ონლაინ-მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები უკრაინული დრონების მორიგი სამიზნე გახდა. 22 ივლისს თავდასხმები კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში, კრასნოდარში, და სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში განხორციელდა.
შეტევის შედეგად ორივე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებელმა, ტატიანა კიმმაც დაადასტურა. მისი განცხადებით, თანამშრომლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა, თუმცა არიან დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა მას არ დაუსახელებია.
რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ეყრდნობა, კრასნოდარში სამი ადამიანი დაშავდა, ნევინომისკში კი - ხუთი.
თავდასხმის შემდეგ უკრაინულ და რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც საწყობებში გაჩენილი ძლიერი ხანძარია ასახული.
ეს Wildberries-ის ინფრასტრუქტურაზე ბოლო დღეებში განხორციელებული უკვე მესამე თავდასხმაა. უკრაინულმა ძალებმა კომპანიის საწყობებს 18 და 20 ივლისსაც დაარტყეს - მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში.
Wildberries 2004 წელს დაარსდა და დღეს რუსეთის ყველაზე დიდი ონლაინ-მარკეტპლეისია. კომპანიას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ხოლო მისი ლოგისტიკური ქსელი ქვეყნის მასშტაბით 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში დაახლოებით 20 მილიონ შეკვეთას ემსახურება. ამიტომ Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ კომპანიად მიიჩნევა.
