logo
ENG



პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

30 ივლ 202613:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/30/kuxntxc2kvchft2.png

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში, საზღვრიდან რამდენიმე ათეულობით კილომეტრში ჩამოვარდა და აფეთქდა, რამაც მინდვრის შუაგულში კრატერი დატოვა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთის საჰაერო თავდაცვა მზად იყო რაკეტის ჩამოსაგდებად, თუკი ის კურსს გააგრძელებდა.

პოლონეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, ხუთშაბათს, ცენტრალური ევროპის დროით დაახლოებით 03:40 საათზე, პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი დაფიქსირდა. ეკიპაჟებმა სოფელ ტარნავა-კოლონიას მახლობლად მოზრდილი კრატერი აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ობიექტი რადარებიდან გაქრა.

პოლონური გამოცემა Wirtualna Polska პოლონეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი მონაცემებით პოლონეთის ტერიტორიაზეზ რუსული რაკეტა ჩამოვარდა. 

„კავშირი მაქვს ევროპის ქვეყნების ლიდერებთან პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით. ყველა მათგანი სრულ სოლიდარობასა და ნებისმიერი სახის დახმარებისთვის მზადყოფნას აცხადებს.“ - დაწერა X-ზე ტუსკმა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

X-ზე დაწერილ განცხადებაში ის საუბრობს გუშინდელ უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფარგლებში, რუსული Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრაზე, რის შედეგადაც პოლონეთისა და NATO-ს საჰაერო სივრცე დაარღვია. მან თავის განცხადებაში რუსეთის უკანასკნელი თავდასხმის შედეგად დაღუპულ უკრაინელებზე ისაუბრა, რომელთა შორის ბავშვები არიან. სიბიგამ უკრაინისთვის საჰაერო და ბალისტიკური თავდაცვის სიძლიერის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„პოლონეთში რუსული რაკეტის შეჭრა ასევე შეგვახსენებს, რომ ჩვენი ორი ქვეყნისთვის არაფერია იმაზე უფრო აქტუალური, ვიდრე ჩვენს საერთო, მრავალსაუკუნოვან მტერთან დაპირისპირება, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ორივე ერს. ყველა სხვა უთანხმოება გვერდზე უნდა გადაიდოს ამ სასტიკი ომის დროს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საერთო უსაფრთხოება უნდა იყოს.” - წერს საბიგა X-ზე.


close დახურვა