logo
ENG



გიორგი ბარამიძე: არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით

07 აგვ 202616:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/07/6h87c5icogoj0oq.png

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მზად არის, აფხაზეთის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტოს, თუმცა არა პროკურატურაში, არამედ სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან.

ბარამიძის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ მუხლებით მას შემდეგ დაიწყო, რაც მან გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ აფხაზეთის ომის დროს ტყვეების შესახებ ისაუბრა. სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს დააბრუნა.

ბარამიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას მისი სიტყვების „თავისებური ინტერპრეტაცია“ აქვს გაკეთებული და ამბობს, რომ მის განცხადებაში საუბარი არ ყოფილა რეგულარულ ქართულ ჯარზე ან სახელმწიფო პოლიტიკაზე.

„ვლაპარაკობდი იმაზე, რაც ხდებოდა ომის დაწყების პირველ დღეებსა და კვირებში - იმ სირთულეზე, რაც გვქონდა ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით. რა არის მაგაში გასაკვირი, რომ ომის დროს გამწარებულმა, დედამოკლულმა და უბედურებაგადატანილმა ადამიანმა მტერს ესროლოს?! ომი იმიტომ არის ცუდი, რომ ადამიანი ადამიანს კლავს“, - ამბობს ბარამიძე.

მისივე თქმით, ომის პირველ ეტაპზე ფრონტზე ქაოსი იყო და ოჩამჩირის მიმართულებით, სადაც თავად იმყოფებოდა, ძირითადად მოხალისეები იბრძოდნენ.

„რეჟიმმა და პროპაგანდამ ისე მონათლეს ჩემი განცხადება, თითქოს ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე ვხვრეტდით. ეს აბსოლუტურად არ მითქვამს და არ შეესაბამება სინამდვილეს. უბრალოდ, არ აჰყავდათ ჩვენებს ტყვეები, იმიტომ რომ მტერი იყო, მტრად მიაჩნდათ და იმ პერიოდში საჭიროდ არ მიიჩნევდნენ აყვანას“, - აცხადებს ის.

ბარამიძე ასევე იხსენებს, რომ მოგვიანებით ტყვეების გაცვლაში თავად მონაწილეობდა და აცხადებს, რომ მას და მის მოადგილეს, პაატა ზაქარეიშვილს, დაახლოებით 200 ტყვე ჰყავთ გათავისუფლებული.

„როგორ გავათავისუფლებდით იმ 200 ტყვეს, თუ ჩვენი მხარის მიერ დაკავებულ ტყვეებში არ გავცვლიდით?! რა თქმა უნდა, ჩვენც გვყავდა ტყვეები შემდგომ პერიოდში“, - ამბობს ბარამიძე.

საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც YouTube-ზე გამოქვეყნებული გადაცემის ჩანაწერიდან სოციალურ ქსელებში ბარამიძის განცხადების ფრაგმენტები გავრცელდა. თავდაპირველ ვიდეოში ის ყვება, როგორ მონაწილეობდა გაგრის დაცემის შემდეგ ქართველი ტყვეების გათავისუფლების პროცესში, მათ შორის, როგორ შევიდა გუდაუთაში მდებარე ტყვეთა ბანაკში „წითელი ჯვრის“ დახმარებით.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოფრაგმენტში კი, რომელიც წინარე საუბრის გაგრძელებას წარმოადგენს, ბარამიძე ამბობს: „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“, ხოლო წამყვანის კითხვაზე, რატომ ხდებოდა ასე, პასუხობს: „ხვრეტდნენ“.

წამყვანის კითხვაზე, რატომ იყო ეს აუცილებელი, ბარამიძე განმარტავს, რომ აუცილებელი არ იყო, თუმცა ომის დროს ადამიანებისთვის ემოციების შეკავება რთული იყო.

„როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია“, - ამბობს ის.

ბარამიძე აცხადებს, რომ გავრცელებულმა ფრაგმენტმა მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლიჯა. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან საქმის აღძვრა არ გაჰკვირვებია და ამას „რუსული მარიონეტული რეჟიმის“ გადაწყვეტილებად აფასებს.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ რუსეთის მხრიდან უკვე ვარ გასამართლებული უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო და რუსულმა სასამართლომ 6,5 წლით პატიმრობა მომისაჯა“, - ამბობს ბარამიძე.

მისი თქმით, მზად არის გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხოს, თუმცა პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და საკუთარი პოზიციის სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან დაფიქსირებას გეგმავს.


close დახურვა