logo
ENG



ნაციონალური მოძრაობა: კობახიძის განცხადება წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატს

08 აგვ 202618:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/08/utba77so5bti5lk.png

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, აგვისტოს ომზე გაკეთებულ განცხადებას.

"რუსი ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ 2008 წლის ომი საქართველოს მთავარსარდალმა 7 აგვისტოს დაიწყო, არის ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციისა და დაჩქარებული ტემპით მიმდინარე ანექსიის პროცესის პირდაპირი პოლიტიკური გამართლება; ასევე, ზუსტად ის, რასაც რუსეთი თავის ოფიციალურ განცხადებებში აჟღერებს. ეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაუფარავ და პირდაპირ ღალატს.

სიმბოლურია, რომ ბატონი კობახიძის ეს მოღალატური განცხადება გაკეთდა საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირების მემორიალზე, რითაც მან მათ, ისევე როგორც საქართველოსთვის მებრძოლ ყველა პატრიოტს, შეურაცხყოფა მიაყენა.

ეს მოღალატური ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოში იმ რუსული გეგმის რეალიზაციას, რომლის მიზანი არა მხოლოდ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის ხელშეწყობაა, არამედ ასევე მიმართულია იმ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების გადახედვისკენ, სადაც რუსეთის ფედერაცია უკვე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არის შერაცხული როგორც აგრესორი, უკანონო ოკუპანტი და ეთნიკური წმენდის განმხორციელებელი სახელმწიფო.

„ქართული ოცნების“ უკანონო რეჟიმის ეს მოღალატური განცხადება ასევე პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომავალში როგორც საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივებს, ისე მთლიანად საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს მოვუწოდებთ, საკადრისად დაგმონ რეჟიმის ეს მოღალატური ქმედება, მეთოდები და მიზნები.

ჩვენი, როგორც საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების, ვალია, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა არ დავუშვათ რუსეთის მიერ მართული, ოკუპაციის გამამართლებელი მოღალატური რეჟიმის მიერ საქართველოში პუტინის გეგმის რეალიზაცია.

არა ოკუპაციას!

არა ოკუპანტ რუსეთს!

არა ოკუპანტთან კოლაბორაციაში მყოფ მოღალატურ რეჟიმს!

დიდება გმირებს!

დიდება საქართველოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა:"რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი". 

 

 

close დახურვა