საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრიპტოკომპანიის მენეჯერი დააკავეს. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ფინანსურ ოპერაციებსა და უნებართვო სამეწარმეო საქმიანობაში ედავება.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა. ორგანიზაცია უზრუნველყოფდა ვირტუალური აქტივებისა და ნაღდი ფულადი სახსრების უკანონო კონვერტაციას, რაც ათეულობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. სამართალდამცავთა განცხადებით, ბრალდებული ამ საქმიანობით ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ნივთმტკიცებად ამოღებულია: კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, ათეულობით საბანკო ბარათი, ნაღდი ფულადი თანხა — 83 903 აშშ დოლარი და 300 ევრო, 79 600 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საგამოძიებო სამსახური ამ ეტაპზე კომპანიის დასახელებას არ ახმაურებს.
დაკავებულს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის, აგრეთვე შესაძლო საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისა (გადასახადებისთვის თავის არიდება) და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტების დადგენის მიზნით.
