თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანია შპს „სმარტ სოლუშენსი“ პირობების დარღვევის გამო ოთხჯერ დააჯარიმა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, საჯარიმო სანქციების დაკისრების მთავარი მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის დარღვევა გახდა.
დედაქალაქის მერიასა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის სამივე ლოტზე სულ სამი ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომელთა ჯამური ღირებულება 19.8 მილიონ ლარს შეადგენს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ, რომელმაც სამუშაოები 23 ივლისს, 00:00 საათზე დაიწყო, პროექტი 100 დღის ვადაში, უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში მუშაობით უნდა დაასრულოს.
ინსპექტირების ოქმების მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფმა სამუშაო პროცესის შეფერხება რამდენიმე მონაკვეთზე დააფიქსირა: 24 ივლისი: 23 ივლისის (12:27 საათი) ინსპექტირების აქტით დადგინდა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა მ. კოსტავას ქუჩასა და შ. რუსთაველის გამზირზე (თ. ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“); 29 ივლისი: 29 ივლისის (06:34 საათი) ინსპექტირების აქტით დარღვევა კვლავ დაფიქსირდა კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე; 29 ივლისი: 29 ივლისის (06:41 საათი) ინსპექტირების აქტით 24-საათიანი რეჟიმის დარღვევა გამოვლინდა რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთში; 10 აგვისტო: ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წერილისა და 7 აგვისტოს (19:58 საათი) ინსპექტირების აქტის საფუძველზე, კომპანია დააჯარიმეს ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე სამუშაოების შეჩერების/შეფერხების გამო (აღნიშნულ დარღვევაზე ჯარიმის ოდენობამ 1 583 ლარი შეადგინა).
თითოეულ შემთხვევაზე კომპანიას ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-იანი ჯარიმა დაეკისრა, რამაც ჯამში 5 000 ლარამდე შეადგინა.
რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია, სადაც ინფრასტრუქტურა მძიმედ იყო მოძველებული, ბოლო რამდენიმე წელი იგეგმებოდა. 23 ივლისს სამუშაოების დაწყებასთან ერთად გამზირზე ავტომობილების გადაადგილება სრულად აიკრძალა.
პროექტში, „სმარტ სოლუშენსის“ გარდა, ჩართული არიან სხვა მსხვილი კომპანიების კონტრაქტორებიც:
გარდა ამისა, 6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია პროექტის ბიუჯეტს კიდევ 7.8 მილიონ ლარს ამატებს. აღნიშნული თანხა ტროტუარების რეაბილიტაციისთვის ცალკე გამოცხადებულ ორ ტენდერს მოხმარდება, სადაც კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 17 აგვისტომდე შეუძლიათ.
