გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის ქუჩები დაიტბორა. გართულებული იყო საავტომობილო მოძრაობა, გზებზე მოედინებოდა წყალი, დაიტბორა მეტროსადგურები და საცხოვრებლები.
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ძლიერი წვიმის შედეგად სარდაფები დაიტბორა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები თბილისის სხვადასხვა ქუჩიდან, სადაც მოქალაქეები ქუჩების დატბორვის შესახებ წერდნენ, მათ შორის წყნეთში.
