logo
ENG



ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის სცენარს განიხილავს

19 აგვ 202612:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/19/e05iqgrcjc5nt3i.png

Financial Times-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანი კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შემთხვევაში ევროპის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების მიყენების სცენარს განიხილავს. გამოცემის ცნობით, პოტენციურ სამიზნეებად ბულგარეთსა და კვიპროსში არსებული აშშ-ის აქტივები განიხილებოდა.

გარდა ამისა, ირანულმა მხარემ ჰორმუზის სრუტეში არსებულ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებზე თავდასხმის შესაძლებლობებიც შეისწავლა, თუკი რეგიონში ომი კიდევ უფრო გამწვავდება.

წყაროების ცნობით, თეირანი ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ დონალდ ტრამპი ირანის ინფრასტრუქტურაზე დარტყმის მუქარას განახორციელებს. მეორე წყარო აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან სამხედრო ქმედებებზე საპასუხოდ ირანი „არავითარ შეზღუდვას“ არ დააწესებს.

გამოცემის თანამოსაუბრეებმა იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა — რასაც სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა — თეირანის მიერ განხორციელებულ ყველაზე ზუსტ შორ მანძილზე დარტყმად შეაფასეს.

„ეს ასევე ევროპისთვის გაგზავნილი გზავნილი იყო: მან უნდა იცოდეს, რომ რაკეტები შესაძლოა მის ტერიტორიამდეც მივიდეს და შესაბამისად, სწორი პოზიცია უნდა დაიკავოს. ჩვენს ინფრასტრუქტურაზე დარტყმის მსგავსმა დიდმა შეცდომამ შესაძლოა ომი რეგიონის ფარგლებს გასცდეს და ევროპამდე მიაღწიოს“, — განაცხადა წყარომ.


close დახურვა