
უცნობია რას განიხილავს ხვალ სინოდის სხდომა, რადგან არაა ცნობილი დღის წესრიგი. თეოლოგები ვარაუდობენ, რომ სხდომა პერსონალური საკითხებით იქნება გაჯერებული და მთავარი საკითხი იქნება მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებები. მათი თქმით, ხვალინდელ სხდომაზე შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის მეუფე იაკობის განცხადებების შინაარს და გადაწყდება რა სასჯელი შეიძლება მიიღონ ამ განცხადებებთან დაკავშირებით. თეოლოგები ვარაუდობენ, რომ სინოდის სხდომაზე ხვალ სხვა საკითხები არ განიხილება და ამით ეკლესია კიდევ ერთხელ თავს აარიდებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას.
სხდომაზე შესაძლოა ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო მამა გიორგი მამალაძის საკითხი. სინოდის წინა სხდომაზე გაჟღერდა, რომ დეკანოზი მამალაძის საკითხზე მას შემდეგ იმსჯელებდნენ, რაც მას პატიმრობა შეეფარდებოდა. დეკანოზს უკვე შეეფარდა 9-წლიანი პატიმრობა.
თეოლოგი გოჩა ბარნოვი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სინოდის სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვას გამორიცხავს.
„გარკვეულ დონეზე უნდა ველოდოთ, ვერ ვიტყვი რა განაჩენს გამოიტანენ, შეიძლება სასჯელიც იყოს. რაც ყველაზე მნიშნელოვანია დანარჩენი საკითხები არ იქნება განხილული. მაგ. უკრაინის თემის განხილვას მე გამოვრიცხავ, რადგან დღეს საამისოდ აღარავის ცალია, რადგან მეუფე იაკობმა საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეა,“ - განაცხადა ბარნოვმა.
თეოლოგი გოჩა მირცხულავა კი აცხადებს, რომ გარკვეული ძალები ქმნიან ფონს, რათა ილია მეორეს ტახტი დაატოვებინონ.
„ეკლესიის შიგნით გარკვეული ძალები და მტრულად განწყობილი ქვეყნიდან მაქსიმალურად ქმნიან ფონს, რომ ილია მეორეს ტახტი დაატოვებინონ. მინდა ვთქვა, რომ პატრიარქმა არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და ალბათ არც გადადგამს,“ - აცხადებს მირცხულავა.
შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდი შედგება 46 იერარქისგან და ყველა გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობა დაჭირდება. სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს 12:00 საათზე არის ჩანიშნული.