შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეს, მას პირადი ნივთები, მათ შორის, ძვირადღირებული მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულების სახით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების მიერ ძარცვის შედეგად დაუფლებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
