logo
ENG



NCDC ბაღებში მოწამვლაზე: შემთხვევათა უმრავლესობა მაღალი ალბათობით ნოროვირუსმა გამოიწვია

20 სექ 202612:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/20/0s6x8ud0uzn9yj2.png

17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ.

როგორც ცენტრში განაცხადეს, პირველ რიგში, ამ მომენტისთვის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანსაღების ფაზაშია და მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

„დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება. ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია. ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ – ტემპერატურის მატება. იგი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით მიმდინარეობს. ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა – მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება – მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ამასთან, ნოროვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა – ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, დაბინძურებული ზედაპირების დამუშავება. აქვე აღსანიშნავია, რომ საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით პირველივე ეტაპზე ჩაერთო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა