გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში მივიდა.
"პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ დაგვიბარა, ქალაქის პროკურატურაში მობრძანდითო და გავისაუბროთ თქვენი განცხადების საფუძველზეო. ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რას გვეტყვიან.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ თავიდან დაიწყოს გამოძიება, გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით, დაგვიბრუნონ კომპიუტერი, დაზარალებულად გვცნონ და საქმის მასალებზე გვქონდეს წვდომა.
ორჯერ იყო კაცი [ღარიბაშვილი] პრემიერი, მაშინ რომ გამემჟღავნებინა გვარი, რისი მომცემი იქნებოდა… ახლა რადგან ციხეშია და მისი დანაშაული დამტკიცდა, მინდა, რომ თამუნასთან დაკავშირებული დანაშაულიც აღიაროს და ამ დანაშაულზეც აგოს პასუხი ღარიბაშვილმაც და ლილუაშვილმაც. მესამე [დამნაშავე] ვინც არის, ეს გამოძიებამ დაადგინოს.
ბოლომდე ვიბრძოლებ, შევეწირები და არ დავნებდები", - თქვა მედიასთან თეონა თამაზაშვილმა.
თეონა თამაზაშვილმა შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურას ხელახალი გამოძიების ჩატარებისთვის 19 აგვისტოს მიმართა.
