26 აგვისტოს დილით რუსულმა დრონებმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვს შეუტიეს. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და შენობა მთლიანად დაიწვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 49 წლის ქალი და 4 წლის გოგო. ასევე დაშავდა 14 წლის მოზარდი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩერნიგოვის საქალაქო საბჭოს ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა დამხმარე ნაგებობები და ხანძარი მეზობლად მდებარე მაღაზიაშიც გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის დროს საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა ცხედრები სამძებრო სამუშაოებისას აღმოაჩინეს.
ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ბრიჟინსკის განცხადებით, ქალაქზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა იერიში.
ჩერნიგოვი რუსულმა ძალებმა 25 აგვისტოსაც რამდენჯერმე დაბომბეს. დღის განმავლობაში ქალაქზე 10-ზე მეტი დრონი იერიშს ახორციელებდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საწყობის ობიექტები. საღამოს განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად კი ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი დაშავდა.
