"ქართული ოცნების" პროპაგანდა ირაკლი ღარიბაშვილის განადგურების საინფორმაციო ოპერაციას ააქტიურებს - იგივე მანქანა, რომლის გამართვასა და ამუშავებაშიც თავად ღარიბაშვილი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ერთ-ერთმა მორიგე "ექსპერტმა" სახელისუფლებო პლატფორმიდან განაცხადა: "ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და, თუ გინდათ, გოიმობამ. ნდობის გაუმართლებლობა და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არა ის, რასაც პროკურატურა ედავება".
საოცარი სიზუსტით შერჩეული სიტყვებია: პროვინციული სითამამე, გოიმობა, ნდობის გაუმართლებლობა, სიტყვის გატეხვა... წამით შეიძლება იფიქრო, რომ საუბარია ღარიბი პროვინციული ოჯახიდან გამოსულ ადამიანზე, რომელმაც რუსეთში, ბუნდოვან გარემოებებში, უზარმაზარი ქონება დააგროვა, შემდეგ მთელი ქვეყანა საკუთარ ეზოდ წარმოიდგინა და ყველასგან პირად ერთგულებას მოითხოვს. მაგრამ არა - თურმე ირაკლი ღარიბაშვილზე ლაპარაკობენ. მთავარი სიტყვა აქ მაინც "ნდობაა". ამ სამყაროში, ვიდრე პატრონის ნდობით სარგებლობ, კორუფცია დანაშაული არ არის. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც სიტყვას არა სახელმწიფოს, არამედ ერთ ადამიანს უტეხ; როდესაც მოქალაქეების კი არა, ბატონის ნდობას ვერ ამართლებ. პროპაგანდამ შეფუთვის გარეშე გვითხრა: პროკურატურა ღარიბაშვილს ქრთამის აღებას ედავება, მაგრამ მისი ნამდვილი "ტრაგედია" ქრთამი კი არა, ივანიშვილის გაბრაზებაა. კანონი აქ მხოლოდ გაბრაზებული პატრონის ხელში მოქცეული ჯოხია.
განსაკუთრებული ირონია კი ის არის, რომ ღარიბაშვილს დღეს იმავე მეთოდებით ანადგურებენ, რომლებითაც თავად ებრძოდა სხვებს, მაგალითად "დავითგარეჯი საქართველოას" სრულიად უდანაშაულო ასაკოვან ფიგურანტებს: სამიზნედ მონიშვნა, პროპაგანდისტული დამუშავება, საჯარო დამცირება და ბოლოს - პროკურატურა. როგორც ბოლო წერილში თავად დაახასიათა - ამ "დაუნდობელ მანქანას" მძღოლი შეეცვალა, მუშაობის პრინციპი კი იგივე დარჩა.
იმედის ეს უკვე ლეგენდარული ქარდი რეჟიმის ავტოპორტრეტია, შესრულებული მისივე პროპაგანდისტების მიერ. უბრალოდ, სახელები აერიათ: ღარიბაშვილს ახასიათებდნენ და ივანიშვილი გამოუვიდათ.
