ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პირველი კომენტარი გააკეთა თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში ავარიულობის მიზეზით სწავლების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.
გივი მიქანაძის თქმით, სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნა გუშინ, 17 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მიიღო, რის საფუძველზეც - "მიღებული იქნა მყისიერი გადაწყვეტილება" სწავლის შეჩერებაზე.
ის ამბობს, რომ სწავლის უწყვეტობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი და აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეეში შესთავაზებენ კონკრეტულ გეგმას სხვა ალტერნატიულ სივრცეში ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
"21-ე სკოლასთან დაკავშირებით სიტუაცია არის შემდეგი: პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, სამხარაულის ექსპერტიზა მუშაობს სარეაბილიტაციო სკოლებთან დაკავშირებით კონკრეტული დასკვნების მომზადებაზე. ჩვენ სამინისტროში ეს დასკვნა მივიღეთ გუშინ, დღის მეორე ნახევარში, რის საფუძველზეც, მყისიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ბავშვების და სასკოლო პერსონალის, მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ ვერც ერთი ბავშვის, პედაგოგის, იქ დასაქმებული ადამიანის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ.
დასკვნას ველოდებოდით, სანამ არ იქნებოდა წარმოდგენილი, არ ვიცოდით, იქ რა მდგომარეობა იყო. კიდევ ვამბობ, გუშინ შემოვიდა დასკვნა, ჩვენი მხრიდან იყო მყისიერი რეაგირება და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ამ სკოლაში ვერ გაგრძლდება, სწავლის უწყვეტობა იქნება სრულად უზრუნველყოფილი. ჩვენ უახლოეს დღეებში შევთავაზებთ კონკრეტულ გეგმას, რომ სხვა ალტერნატიულ სივრცეში, სკოლა როგორ გააგრძლებს ფუნქციონირებას, მაგრამ გეტყვით, რომ სწავლის უწყვეტობა იქნება უზრუნველყოფილი და გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რომ პროცესი ჩვეულებრივ კონტექსტში განახლდეს. ამავდროულად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს დღეებში განახორციელებს და წარადგენს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ განხორციელდება 21-ე სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი", - ამბობს ის.
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის (ყოფილი მე-6 გერმანული სკოლა) მშობლების ინფორმაციით, სწავლის დაწყებიდან 2 დღის შემდეგ აცნობეს, რომ 18 სექტემბრიდან სკოლაში სწავლა შეწყდება.
მშობლების თანახმად, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ სკოლის შენობა ავარიულია და უწევთ სასწავლო პროცესის შეჩერება, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
ჯერჯერობით მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია, როგორი რეჟიმით წარიმართება სწავლა, თუმცა, სკოლა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უმოკლეს ვადაში მიაწვდის.
