logo
ENG



Amnesty: 9 დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულებას არ წარმოადგენს

29 აგვ 202612:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/29/9id67u5qzoucdgg.png

საქართველოში ანტისამთავრობო და პროევროპულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაპატიმრებული ცხრა ადამიანის შეწყალების შესახებ კომენტირებისას, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა, განაცხადა, რომ ცხრა დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულებას არ წარმოადგენს.

"ცხრა დემონსტრანტის გათავისუფლება მათთვის და მათი ოჯახებისთვის სასიხარულო ამბავია და ამას მივესალმებით, თუმცა ეს მართლმსაჯულებას არ წარმოადგენს. მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლის გამო სამიზნედ იქცნენ, საერთოდ არ უნდა გამხდარიყვნენ სისხლის სამართლებრივი დევნის ან სხვა სანქციების ობიექტები მხოლოდ იმის გამო, რომ იყენებდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა პოლიციისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ჩადენილ ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევაზე.

ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ძალის უკანონო გამოყენების, სასტიკი მოპყრობისა და სხვა სახის ძალადობის შესახებ ყველა განცხადება დამოუკიდებლად და ეფექტიანად იქნეს გამოძიებული და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცნენ.

ყველა პირი, რომელსაც თავისუფლება მხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით სარგებლობის გამო აქვს აღკვეთილი, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს", - თქვა დენის კრივოშეევმა. 

ცნობისთვის, 28 აგვისტოს "ქართილი ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 226 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის - ცხრა პატიმარი, რომლებიც 2024 წლის მაისიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდში მიმდინარე ანტისამთავრობო და პროევროპულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით იყვნენ დაკავებული.

 


close დახურვა