Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი დენის კრივოშეევი ფორმულასთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და მათ "დრაკონულსა და არაადამიანურს" უწოდებს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ინტერვიუში პირდაპირ აფრთხილებს მოძალადე პოლიციელებსა და ბრძანების გამცემ პირებს და ამბობს, რომ "პასუხისმგებლობის დრო მათთვის აუცილებლად დადგება".
"თუ შეიძლება, თქვენი პლატფორმით ვისარგებლებ, რადგან მაქვს სამი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის. პირველი, მმართველი ძალის გადასაწყვეტი არ არის, ადამიანებს მიანიჭოს უფლება თუ წაართვას, ეს უფლებები ქართველ ხალხს ეკუთვნის და ამ უფლებების უგულებელყოფა დანაშაულია.
მეორე, - ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ ფეხქვეშ გათელილ უფლებებს და გარწმუნებთ, რომ დეტალურად ავსახავთ ყველა დარღვევას და ყველას გავაგებინებთ ამის შესახებ. და მესამე, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, პასუხისმგებელი პირები აუცილებლად აგებენ პასუხს ჩადენილ დანაშაულზე, ვგულისხმობ დანაშაულებრივ ჯაჭვს ქუჩაში მოძალადე პოლიციელით დაწყებული, ბრძანების გამცემი პირებით დამთავრებული.
რამდენიმე წლის წინ, აშკარა იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება სხვა რეჟიმებისგან სწავლობდა ბევრ რამეს, კერძოდ, რუსეთისგან. სიმართლე გითხრათ, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ პროცესები ასე განვითარდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა. საქართველოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები აქვს ნაკისრი და მთავრობის საქმე არ არის, აირჩიოს, ვინ დაიცვას და ვინ არა", - ამბობს ის.
