უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, კიევმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), ავიაკომპანიებსა და სხვა ქვეყნების მთავრობებს ოფიციალურად აცნობა, რომ მომატებული სამხედრო აქტივობის გამო რუსეთის საჰაერო სივრცე უსაფრთხო აღარ არის.
„რუსეთი ცნობიერად უგულებელყოფს არსებულ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის შედეგია. რუსეთის ტერორის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, მისი საჰაერო სივრცე სულ უფრო ნაკლებად უსაფრთხო ხდება. გვსურს თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები“, — აღნიშნა სიბიჰამ.
მანამდე, 1 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დე ფაქტო იხურება. „უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისთვის, თუმცა რუსეთის ცაში იქნება უპილოტო საფრენი აპარატები და ამის შესახებ აუცილებელია იცოდნენ“, — განაცხადა ზელენსკიმ. აღნიშნული განცხადებების ფონზე, თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე რეისი უკვე გააუქმა.
