ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა, თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვასთან დაკავშირებით ეროვნული აუდიტორის მიერ გამოთქმულ მკვეთრ კრიტიკასა და ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება.
ესტონეთმა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესასყიდად 70 მილიონი ევრო წინასწარ გადაუხადა ინდურ კომპანიებს, რომელთაც მანამდე საბრძოლო მასალის გაყიდვის გამოცდილება არ ჰქონიათ.
ეროვნული აუდიტორის ანგარიშმა თავდაცვის ძალებსა და თავდაცვის ინვესტიციების ცენტრში (RKIK) ბუღალტრული აღრიცხვისა და შესყიდვების სერიოზული ხარვეზები გამოავლინა, რაც 2 სექტემბერს რიიგიკოგუს (პარლამენტის) სპეციალურმა კომიტეტმაც განიხილა.
პევკურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი უშუალოდ კონტრაქტების მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, შექმნილ ვითარებაში სექტორზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება აუცილებელია.
RKIK-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაგნუს-ვალდემარ საარმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სამინისტროს გარეშე არ მიიღებოდა. პევკურმა დაადასტურა, რომ დოკუმენტაცია გადაეცემოდა, თუმცა კონტრაქტებს დეტალურად არ კითხულობდა.
ჰანო პევკურს თავდაცვის მინისტრის პოსტი 2022 წლიდან ეკავა. მის გადადგომას ესტონეთის რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი აქტიურად ითხოვდა, ხოლი პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
