logo
ENG



ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

03 სექ 202620:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/03/rhqwmy8r0o2tngr.png

"ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერის და ახლა პატიმრობაში მყოფი, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დასრულდა.

პროკურორმა, მედია ცირამუამ განაცხადა, რომ გამოკითხვისას ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება მის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, მის მიერ საჯროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა მოარულ სხვადასხვა ინფორმაციებს, რომელიც მის მიერ მიღებულია სხვადასხვა გამოცემებიდან. შესაბამისად ამას ეყრდნობოდა მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული წერილები და არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას" - თქვა პროკურორმა.

ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა საეჭვო თვითმკვლელობებზე ისაუბრა და დაასახელა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტი.  ღარიბაშვილმა დასვა კითხვა "ასავალ-დასავალის" იმ რესპონდენტის  გარდაცვალების მიზეზზე, რომელმაც 2 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის "გაყიდვაში" დაადანაშაულა.

მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. დაანონსდა ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვაც.

"2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას", - ნათქვამი იყო პროკურატურის განცხადებაში.

 


close დახურვა