logo
ENG



ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

04 სექ 202615:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/04/gzk5bnsqjizr7h0.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებს ეფუძნებოდა.

დაცვის მხარე ელიზბარაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატივის სახით 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირებისას, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი ადგილზე შეიარაღებული დაბრუნდა და რესტორანში შეჭრას ცდილობდა.

უწყების ცნობით, მან მუქარა 31 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაშიც გააგრძელა. დაცვის მხარის მტკიცებით, ბიზნესმენს იარაღი არ ჰქონია და გავრცელებულ კადრებში ხელი გულის არეში მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესების გამო წაიღო.


close დახურვა