logo
ENG



ოთარ რომანოვ-პარცხალაძე: დასავლეთის სანქციები ჩემთვის „სიმართლისთვის მიღებული ორდენია“

09 სექ 202614:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/09/fm80mgta8j0j499.png

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში მონაწილე ოთარ რომანოვ-პარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციების სიებში შეყვანით ამაყობს.

რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ცნობით, რომანოვ-პარცხალაძე ამჟამად რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოქმედი ინტერნაციონალური მოხალისეთა დანაყოფის, „გიორგიევსკის“ მეთაურია.

"ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ სიმართლის სიყვარულის, მკაცრი პატრიოტული პოზიციისა და დასავლეთის წესებით თამაშზე უარის თქმის გამო გავხდი უპრეცედენტო ზეწოლის ობიექტი. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციათა სიებში ორჯერ შემიყვანეს. მაგრამ ეს სანქციები ჩემთვის სიმართლისთვის მიღებული ორდენია", – განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ გვერდზე დარჩენა ვერ შეძლო და რუს სამხედროებს, დონბასისა და უკრაინის მოსაზღვრე რეგიონების მოსახლეობას დახმარება გადაწყვიტა.

რომანოვ-პარცხალაძის განცხადებით, 2025 წლის 9 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან გამარჯვების აღლუმზე მიწვევის შემდეგ მან რუსეთის მოხალისეთა კორპუსში "არბატში" მსახურება გადაწყვიტა და იქ ცხრა თვე გაატარა.

"არბატში" სამსახურის დასრულების შემდეგ, მისი თქმით, თანამოაზრეებთან ერთად ინტერნაციონალური მოხალისეთა დანაყოფის, "გიორგიევსკის", შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.

რომანოვ-პარცხალაძის თქმით, დანაყოფში ის მოხალისეები ერთიანდებიან, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს "საერთო ისტორიასა" და "საუკუნოვან ძმობას" აფასებენ.

"მათი მთავარი მოტივაციაა ქრისტიანული რწმენის, ტრადიციული ოჯახის, საკუთარი კულტურისა და იდენტობის დაცვა იმ სიგიჟისა და ზეწოლისგან, რომელსაც დღეს დასავლეთი თავს ახვევს. მათთვის რუსეთი ნორმალური, ჯანსაღი ადამიანური ღირებულებების საყრდენია და მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, ეს საყრდენი იარაღით ხელში დაიცვან", – განაცხადა მან.

რუსულ მედიასთან საუბარში რომანოვ-პარცხალაძემ ასევე განმარტა, რომ დანაყოფის სახელწოდება "გიორგიევსკი" 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, მისი შეფასებით, "უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში".


close დახურვა