ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის „MAGA“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
MAGA „გახადე ამერიკა კვლავ დიდებული“- არის პოლიტიკური მოძრაობა და კონსერვატიული იდეოლოგიური ფრთა აშშ-ში, რომელიც დონალდ ტრამპისა და მისი მხარდამჭერების გარშემო ჩამოყალიბდა.
ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) ღონისძიებაზე გამოსვლისას კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესში, ისტორიაში პირველად, გაჩნდნენ აშკარა მოწინააღმდეგეები. მისი თქმით, ევროპაზე ზეწოლა მიმდინარეობს არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან (რუსეთიდან), არამედ დასავლეთიდანაც — MAGA-ს იდეოლოგების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის.
მანამდე, დუბლინში გამართულ შეხვედრაზე, კოსმა ისლანდიის რეფერენდუმის მაგალითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მემარჯვენე პოპულისტები დიდი რესურსებით ცდილობენ ევროკავშირის იდეის დაკნინებას და მისი მხოლოდ ეკონომიკურ გაერთიანებამდე დაყვანას.
რაც შეეხება ჩინეთს, ევროკომისარმა განმარტა, რომ პეკინი განსხვავებულ ტაქტიკას იყენებს: ის ცდილობს ეკონომიკური ფეხი მოიკიდოს კანდიდატ ქვეყნებში, რათა მათი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ავტომატურად მოიპოვოს წვდომა ევროპის საერთო ბაზარზე.
